ჯანსაღი ტრაპეზი რომ შედგეს, იმის ცოდნაა საჭირო, რა უნდა მივირთვათ, რომ ჯანმრთელობას მაქსიმალურად ვარგოთ. ამ საკითხით ექიმები და საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები დაინტერესდნენ და ერთობლივი მუშაობა-ანალიზის შედეგად გადაწყვიტეს, რომელი საკვები ჯანსაღია და რომელი – არა.
მოდი, დავამსხვრიოთ მითები.
მითი №1. წყალზე მომზადებული ჰერკულესის ფაფა საუკეთესო საუზმეა, შემწვარი და მოხრაკული – არამც და არამც.
ჰერკულესის ფაფა ნამდვილად სასარგებლოა, მაგრამ თუ დილაადრიან ტაფამწვარსა და უცხიმო ხორცს გაუსინჯავთ გემოს, თან პომიდორსა და ბარდას, უხეშად ნაფქვი ხორბლის ან ჭვავის პურს მიატანთ, ჯანმრთელობას არამცთუ არ ავნებთ, არგებთ კიდეც. შემწვარი კერძი, თუ ის ცხიმით მეტისმეტად არ არის გაჯერებული, გემრიელიც არის და სასარგებლოც.
მითი №2. უცხიმო ან ნაღებმოხდილი პროდუქტი ყოველთვის დაბალკალორიულია.
ეს მოსაზრება სინამდვილეს არ შეესაბამება. საკვები ხშირად ცხიმზე არანაკლებ კალორიული კომპონენტებით არის გაჯერებული.
მითი №3. ჩირის ჭამას აზრი არ აქვს, მასში ვიტამინები აღარ არის.
ჩირი, ისევე როგორც ცოცხალი ხილი, მდიდარია ვიტამინებით. განსაკუთრებით სასარგებლოა ჩირი მათთვის, ვინც მთელ დღეს ოფისში ატარებს და წასუსვნის სურვილი უჩნდება.

მითი №4. ვეგეტარიანული საკვები ყველაზე სასარგებლოა.
თუ გგონიათ, რომ ვეგეტარიანული საკვები ზედმეტი კალორიებისგან დაგიცავთ, ცდებით – ხშირად ისინი ცხოველურ პროდუქტზე გაცილებით ნოყიერ კომპონენტებს შეიცავს, მაგრამ თუ ვეგეტარიანელი არა ზედმეტი კილოგრამების შიშით, არამედ განსხვავებული მოსაზრების გამო გახდით, შეგარგოთ.
მითი №5. ავოკადო და სხვა ტროპიკული ხილი ზოგჯერ ჯანმრთელობას ვნებს.
საზოგადოდ, მიჩნეულია, რომ ადამიანს ყველაზე მეტად ხილის ის ჯიშები რგებს, რომელიც მის სამშობლოში მოდის, თუმცა თუ ტროპიკულ ნაყოფსაც გაჰკრავთ კბილს, ამით არაფერი დაშავდება. პირიქით, მრავალი მათგანი მეტად სასარგებლოა ორგანიზმისთვის, მათ შორის – ავოკადოც, რომლის შემადგენლობაში შემავალი ცხიმოვანი კომპონენტი სისხლში “ცუდი” ქოლესტერინის შემცირებას უწყობს ხელს.
მითი №6. თუ საკვებს მარილს არ დავუმატებთ, ორგანიზმში მისი შემცველობა საგრძნობლად დაიკლებს.
მარილის ძირითად ნაწილს (დაახლოებით 75%-ს) ორგანიზმი სხვადასხვა პროდუქტისგან ითვისებს. დამატებული მარილი, ფაქტობრივად, გემოს მისაცემად უფროა განკუთვნილი, ვიდრე დეფიციტის შესავსებად. ასე რომ, თუ უმარილოს მიირთმევთ, ნუ შეშფოთდებით. თავის წილ მარილს ორგანიზმი მაინც მიიღებს.

ჩემი ოთხი წლის გოგონა, რაც საბავშვო ბაღში დაიწყო სიარული, სულ ავადაა, წამდაუწუმ ცივდება. ბებია გვირჩევს, იმუნიტეტის გასაძლიერებლად ქათმის ბულიონი ვასვათ. ნამდვილად მოუხდება?
ქათმის ხორცი დიდისა თუ პატარისთვის სასარგებლო, მსუბუქი და დიეტური საკვებია. განსაკუთრებით სასარგებლოა ახალგაზრდა ქათმის (ვარიის) და წიწილის ხორცი. მას ადვილად ითვისებს ორგანიზმი, რადგან ნაკლებად შეიცავს მყესებს. წიწილის ხორცი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, მასში შემავალი ცილა ხელს უწყობს ბავშვის ზრდა-განვითარებას, აუმჯობესებს ნერვული სისტემის მუშაობას.
მედლის ორი მხარეწიწილის ხორცი მდიდარია მაგნიუმით, რკინით, ფოსფორითა და კალიუმით, ასევე - B ჯგუფის, A და E ვიტამინებით. შეიცავს კალციუმსაც. კალციუმი თავმოყრილია წიწილის ლულოვანი ძვლების ხრტილოვან დაბოლოებებში, რომლებიც რბილია და შეიძლება მათი დაღრღნა კბილებით და დაღეჭვა. თუ თქვენს შვილს უყვარს წიწილის ბარკლის ძვლის ღრღნა, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მის ორგანიზმს კალციუმი აკლია. ამიტომ მისი რაციონი ამ მიკროელემენტის შემცველი პროდუქტებით - რძითა და რძის ნაწარმით, მწვანეფოთლოვანი ბოსტნეულით, ბროკოლისა და ბრიუსელის კომბოსტოთი უნდა გავამდიდროთ. წიწილის ხორცში არ არის ნახშირწყლები და ძალიან ცოტაა ცხიმი. კალორიების სიმცირის მიუხედავად, წიწილის ხორცი ბავშვის მზარდ ორგანიზმს საჭირო საკვები ნივთიერებებითა და ენერგიით უზრუნველყოფს. როგორც ნებისმიერ სხვა საკვებს, წიწილის ხორცსაც აქვს ბავშვისთვის როგორც სასარგებლო, ისე არასასურველი თვისებები, რის გამოც ზოგჯერ საჭიროა რაციონიდან მისი ამოღება. ასეა უმთავრესად - ნივთიერებათა ცვლის დარღვევების, კერძოდ - ურიკოპათიების დროს, როცა სისხლსა და შარდში შარდმჟავა და მისი მარილები გროვდება. მისი მკურნალობისას მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული დიეტა. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს პურინების შემცველი ყოველგვარი პროდუქტი. ასეთია წიწილის ხორციც. ხარშვისას პურინები ხორციდან გამოდის და ბულიონში გადადის, ამიტომ ბავშვის რაციონიდან ბულიონს იღებენ, მოხარშული წიწილის ხორცი კი ნებადართულია, თუ დაავადება კლინიკურად სუსტად არის გამოხატული. წიწილის ხორცი პურინებთან ერთად ექსტრაქტულ ნივთიერებებსაც შეიცავს. ამის გამო 7-15 თვის პატარებს წიწილის ხორცი ზომიერად უნდა მივცეთ. წიწილის მოკლე ხნით ხარშვაც საკმარისია მისთვის პურინებისა და ექსტრაქტული ნივთიერებების მოსაშორებლად.
მხოლოდ საუკეთესო ხარისხის
ხორცი უდავოდ უმაღლესი ხარისხისა უნდა შევარჩიოთ. ასეთია ოჯახის ანუ სოფლის წიწილი. ხორცი კარგად უნდა დავამუშაოთ. კანი მოხარშვამდე გავაცალოთ, რადგან იგი შეიცავს არასასურველ ნივთიერებებს, ასევე - ცხიმს. ბავშვისთვის უმჯობესია ქათმის (ან წიწილის) მკერდი - თეთრი ხორცი, ფრთები და ღვიძლი. წიწილის ღვიძლი მდიდარია A და B ჯგუფის ვიტამინებით, რკინით, სხვა მინერალებითა და მიკროელემენტებით. იგი შეიცავს მზარდი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვან ვიტამინ B9-ფოლატს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მიკროელემენტ კობალტს, რომელიც აუცილებელია სისხლის წითელი უჯრედების - ერითროციტების წარმოქმნისთვის. წიწილის ღვიძლს ისეთი სტრუქტურა აქვს, რომ მის მოსამზადებლად არ არის საჭირო ხანგრძლივი თერმული დამუშავება. ეს მისი კიდევ ერთი ღირსებაა.
ბულიონი გაციების დროს
ცნობილია, რომ გამოცდილი ექიმები გაციებისა თუ ოპერაციის შემდგომ, გამოჯანმრთელების პერიოდში, პაციენტებს უნიშნავენ ქათმის ბულიონს. ბოლო წლებში ასეთმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ სამეცნიერო დასაბუთებაც პოვა. ცდებმა დაადასტურა, რომ ქათმის კონცენტრირებული (მაგარი) ბულიონი ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას, განსაკუთრებით - ხველის დროს. ამასაც აქვს ახსნა: ახალმომზადებული ქათმის ბულიონი საგრძნობლად აუმჯობესებს ბრონქების გამავლობას, ხოლო ხორცის შემადგენლობაში არსებული ამინმჟავა ცისტეინი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ნახველის გათხიერებასა და ორგანიზმიდან გამოდევნას. სასუნთქ გზებს უხდება თბილი ბულიონი, შეკაზმული მწვანილებით (კამა) და ნივრით. უმჯობესია, დანაყილი ნიორი ღრმა თეფშზე ამოღებულ თბილ ბულიონს უშუალოდ ჭამის წინ დაუმატოთ. ნიორს ანტივირუსული და ბაქტერიციდული ეფექტი აქვს და გამოჯანმრთელებას აჩქარებს.
This comment has been removed by the author.
ReplyDelete